თარსი (ანა სანებლიძე)

მე ადამიანები მძულს. დედამ მითხრა გძულდესო და მძულს.ადამიანები კარგები არ არიან. ისინი არაფერს აფასებენ. როცა დედას მე და ჩემი სამი და-ძმა გავუჩნდით , წამოვიზარდეთ, ჭამა დავიწყეთ და ბანცალით სიარულიც შევძელით, დედას პატრონმა რაღაც მუყაოს ყუთში ჩაგვსვა და დედასთან ერთად სანაგვე ყუთთან დაგვტოვა. ამის მერე დედამ ჩვენთვის ახალი სახლის ძებნა დაიწყო. ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელს, ხან სანაგვეზე ვცხოვრობდით, ხან ბუჩქის ძირას. დედა ყოველთვის ფუმფულა იყო, მაგრამ იმ სახლიდან წამოსვლის შემდეგ, საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლის და ქუჩა-ქუჩა ბოდიალის, ჩვენთვის საჭმლის მოძიების მცდელობის გამო გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც რძე საბოლოოდ გაუშრა და ჩვენი კვება სხვა საჭმლით დაიწყო.დედა ამბობდა რომ გაგვიმართლა. როდესაც დედა ჩვენხელა იყო, ბებიაჩვენის პატრონმა დედა და თავისი და-ძმა პარკში ჩააწყო და ნაგვის ყუთში ჩაყარა. მაშინ მოუკვდა დედას ერთი ძმა, იმ ცელოფანში სუნთქვა ვერ შეძლო და გაიგუდა. ვიღაც მენაგვეს რომ არ გაეთავისუფლებინა, დედა და დანარჩენებიც დაიხოცებოდნენ.„გაგვიმართლა, რომ ისეთი უგულო პატრონი არ მყავდა, როგორც დედაჩემსო“. ამბობდა დედა. დედას პატრონმა უდედოდ არ დაგვტოვა, ბებიაჩემის პატრონისაგან განსხვავებით, რომელმაც სასიკვდილოდ გაწირა ოთხი ჭრელი კნუტი. დედაჩემი ძალიან ჭრელი იყო, შავ-თეთრი ულამაზესი ლაქები და ყავისფერი თვალები ჰქონდა. ჩემი ძმებიც მას ჰგავდნენ. მე და ჩემი და კი - ალბათ, მამას. ჩემი და რიჟა იყო. მე კი სულ შავი ვარ. თვალები მწვანე მაქვს. დედაჩემისგან რაც გამომყვა, მხოლოდ ერთი პატარა თეთრი ლაქაა წინა, მარჯვენა თათზე.დედამ რთული ცხოვრება გაიარა. ბევრი რამ ნახა და მეც მომიყვა. მითხრა , რომ თუ მის შეცდომებს არ გავიმეორებ, შეიძლება ქუჩაში ცხოვრებას გადავურჩე. ალბათ, ფიქრობდა, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენი დაბადება იყო, ჩვენ ხომ მისი სახლიდან გამოგდების მიზეზი ვიყავით. ეს არასოდეს უთქვამს , მაგრამ მის თვალებში ვკითხულობდი ხოლმე როცა იმ სახლს იხსენებდა. უყვარდა დედას თავისი პატრონები. ადამიანები უყვარდა, მაგრამ ჩვენ მაინც გვასწავლიდა, რომ მათი ნდობა არ შეიძლება და უნდა გვძულდეს. ჩვენც დედას დავემორჩილეთ და შევიძულეთ ადამიანები. მათ დანახვაზე დამფრთხლები გავრბოდით დედიკოსთან და მის ზურგს ამოვეფარებოდით ხოლმე, დედაც აიფხორებოდა და ახლოს აღარავინ მოდიოდა. ჩემმა და-ძმამ მალე შეითვისეს აფხორვა, მე კი ყველაზე ბოლოს ვისწავლე, უნიჭო ვიყავი, მოფერება უფრო მიყვარდა, მაგრამ ადამიანები მოსაფერებლად ძირითადად ჩემი და-ძმისკენ იწევდნენ, ჩემს დანახვაზე კი იძახდნენ:-ფუუუუუუ...დიდი ხანი მეგონა, რომ ფუუუ მერქვა. მერე დედამ ამიხსნა, რომ ჩვენ სახელები არ გვქონდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ჩვენ ოდესმე ადამიანები შეგვიფარებდნენ და სახელებსაც თავად დაგვარქმევდნენ.„მე რომ დაგარქვათ, ადამიანების დარქმეულ სახელზე აღარ გამოიხედებით.“დედას თავისმა პატრონმა ევა დაარქვა. ევა ლამაზი სახელია, ადამიანების ვიღაც წინაპარი იყო. დედა თავისმა პატრონმა ვაშლის ხეზე იპოვა, პატარა იყო და ხიდან ვერ ჩამოდიოდა, ჩამოიყვანა და სახლში წაიყვანა. პატარა ყველაფერი საყვარელია. დედაც საყვარელი იყო და ამიტომაც წაიყვანეს. მერე კი უბრალოდ შეუყვარდათ. მაგრამ მხოლოდ ჩვენს დაბადებამდე გაგრძელდა „უკვდავი“ გრძნობა. მერე ალბათ ძალიან ბევრნი ვიყავით და დედასთან ერთად „გადაგვსვეს“. ის სულ გვეუბნებოდა, სანამ პატარები ხართ მანამდე უნდა ვეცადოთ რომ ადამიანებმა სახლში წაგიყვანონ, თორემ თუ წამოიზრდებით, მერე დაგვიანებული იქნებაო.უცნაურები არიან ადამიანები.ადამიანების ცნობა ძნელია. დედამ იცოდა მათი ცნობა. ის ამბობდა გარეგნულად არ უნდა ვიმსჯელოთ ადამიანებზეო და ამის დასადასტურებლად იხსენებდა იმ დღეს, როგორ ჩაყარეს ის და თავის და-ძმა სანაგვე ყუთში, კოხტად გამოწკეპილმა ცოლ-ქმარმა, და როგორ გადაარჩინა ვიღაც ჩამოძენძილმა, ბინძურმა და გრძელ წვერა მაწანწალამ. მათი მკვდარი ძმა დაიტირა, ჯოხით მიწა ამოთხარა და შიგ ჩააწვინა, მერე მიწა მიაყარა და იქ დატოვა. (ამას ადამიანების ენაზე დასაფლავება ჰქვია, ისინი მკვდრებს მიწაში აწყობენ და მარხავენ). რაღაც მუყაოს ყუთი ამოიღო ნაგვიდან, ძონძი ჩაუფინა, დედა და დანარჩენები შიგ ჩასვა და წაიყვანა.„თვითონაც არაფერი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს გვინაწილებდა.“ის რომ არა, ერთი ციცქნა კნუტები უთუოდ დაიხოცებოდნენ. ისინი ადამიანმა გაიმეტა სასიკვდილოდ, მეორე ადამიანმა კი იხსნა. იმ კაცს სახლი არ ჰქონდა. ხან სად ეძინა, ხან სად. ძირითადად ბაზრობებზე. დედა და დანარჩენები ყველგან თან დაჰყავდა. მაწანწალა კი იყო, მაგრამ არ მათხოვრობდა. მხოლოდ ნაგავში იქექებოდა ხოლმე. თუ რამეს იპოვიდა ჯერ კნუტებს უციცქნიდა, მერე - თვითონ ჭამდა.„მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეზე ვისხედით, ვიღაც ახალგაზრდამ გამოიარა, ზურგზე ხელი დაადო და რაღაც საჭმელი რომელიც ჯერ არ მოეკბიჩა ჩვენს მხსნელს გაუწოდა. მან თავიდან იუარა, ბოლოს შიმშილმა თავისი გაიტანა და გამოართვა, თან ათასი მადლობა გადაუხადა. მაწანწალამ გაჩიჩქნა საჭმელი და შიგნიდან „ხორცები“ გამოაძვრინა, ყუთში ჩაგვიყარა და მოგვეფერა, მერე თვითონაც გაკბიჩა. იმ ბიჭმა რომ დაგვინახა თვითონაც მოგვეფერა. მერე თავიანთ ენაზე რაღაცები ილაპარაკეს, მაშინ ადამიანების ენა კარგად არ ვიცოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ერთ-ერთი ჩვენგანის წაყვანა სურდა. მაწანწალას ძალიან ვენანებოდით (მის თვალებში ვკითხულობდი რომ შინაგანად უჭირდა ჩვენი დათმობა), მაგრამ აბა როგორ მოგვივლიდა ყველას? რაც უფრო გავიზრდებოდით უფრო მეტი საკვები დაგვჭირდებოდა... საბოლოოდ, კეთილშობილმა ახალგაზრდამ ჩემი ძმა აიყვანა და ქურთუკის უბეში ჩაისვა.მას შემდეგ ჩემი ჭრელი ძმა აღარ მინახავს...“ასე ნელ-ნელა გამოეცალა დედას ყველა და-ძმა. ბოლოს იმ მაწანწალასთან მხოლოდ დედა დარჩა. ის კი ძველებურად უვლიდა და ესიყვარულებოდა. დედასაც შეუყვარდა ეს აყროლებული, კატებზე მეტად ბანჯგვლიანი კაცი. მის დანახვაზე დიდი რაოდენობით ენდორფინებს გამოჰყოფდა და არაამქვეყნიურად „ღრუტუნებდა“. ის უცნაური ადამიანიც ბედნიერდებოდა დედას ამგვარ გრუხუნზე. დედას ეუბნებოდა რომ მხოლოდ მის ფეთქვას და ღრუტუნს შეეძლო მისი გაბედნიერება. დედას კი სწორედ მსგავსი თბილი სიტყვები აძლევდა მოტივს „ეგრუხუნა“.... ისიც მინაბავდა ხოლმე თვალებს და განუწყვეტლივ ფეთქავდა;„ღრრრრრ...ბრრრრრრრრრრრ....გრრრრრრრრრრრრრრრრრრ....ხრ....“ყველაზე ძნელი, მტკივნეული და პირველი უძლიერესი სევდა ამ ბანჯგვლიან, ოფლის სუნად აყროლებულ კაცთან განშორებამ გამოიწვია.„ახალი წელი მშვიდად გადავაგორეთ ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში „შპროტი“ მივირთვით, მან პატარა ბოთლი არაყიც გადაჰკრა. მე ყველაფერს ვჭამდი რასაც მთავაზობდა, ვიცოდი რომ ბევრი არაფერი გვქონდა და ჭირვეულობა არასოდეს დამიწყია. ხილის ჭამაც კი დავიწყე ჩემი ძვირფასი მეგობრისთვის რომ არ მეწყენინებინა, მაგრამ არაყი?ეს უკვე მეტისმეტი იყო...ალღო ვერ ავუღე. ერთი-ორჯერ მაწანწალამ თავისი გამურული, კანგადაქერცლილი თითი არაყში დაისველა და პირდაპირ პირში გამომისვა. არ მესიამოვნა. მწარე იყო და დავიღრიჯე. მგონი ეწყინა. მაგრამ რამდენიმე მცდელობის შემდეგ აღარ დაუძალებია (ალბათ, მიხვდა რომ ეს მწარე სასმელი საჩემო არ იყო)... იმ ახალ წელსაც მოვლოკე ბოთლის თავსახური და მაშინვე „ტვინში დამიარა“. ვგრძნობდი როგორ მეკვეთებოდა თათები და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ წავქცეულიყავი. კალთაში ჩავუხტი და „ავგრუხუნდი“. მან ცხვირზე თითი ამისვა, მომეფერა, შემდეგ ის ბოთლი ბოლომდე გამოცალა და ორივეს მიგვეძინა...ასე ტკბილად არასოდეს მიძინია...ორ დღეში „ბედობა“ იყო.„ბედობა“...მაშინ არც ვიცოდი ეს სიტყვა რას ნიშნავდა. თუმცა ვიცოდი, რომ ჩემს მაწანწალას უხაროდა (ხშირად იმეორებდა, ყველაზე მეტად ეს დღე მიყვარსო) და რა საკვირველია მეც აღფრთოვანებული ველოდი ხოლმე ამ ნანატრ დღეს. „ალბათ, რაიმე ადამიანური დღესასწაულია-მეთქი“ ვფიქრობდი და არც შევმცდარვარ.ადამიანები ფიქრობენ, რომ რასაც ამ დღეს გააკეთებენ მთელი წლის მანძილზე „დაებედებათ“...(დაბედება ნიშნავს, რომ მთელი წელი იგივეს გააკეთებენ)...ჩემმა წვერებიანმა მითხრა რომ ამ დღეს ადამიანები ძირითადად „ქეიფობენ“ და თავის საყვარელ ხალხთან ერთად ატარებენ დროს...„ქეიფი“ ჭამას ნიშნავს......და კიდევ დალევას. მაგრამ აი, იმის დალევას, რომ ვერაფრით ავუღე ალღო.ალკოჰოლის...იმ ადამიანებს ვინც ბევრ ალკოჰოლს სვამს, სხვა ადამიანები ლოთებს ეძახიან. ლოთები არ უყვართ ჩვეულებრივ ადამიანებს. ჩემი მაწანწალაც „ჩვეულებრივი ლოთი“ იყო.მიყვარდა მაინც...ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა და სულ თათებზე მეკიდა ლოთი იყო თუ არა...იმ ბედობის ღამესაც „შპროტი“ ვჭამეთ...ალკოჰოლი არ დაულევია.ასე მითხრა , „ბედობაა და არ მინდა წელსაც ლოთობა დამებედოს, უნდა გამოვსწორდეო...“ის ზამთარი თბილი იყო.სხვებთან შედარებით თბილი.თითქმის არ მოუყინავს.იმ ბედობა ღამეს თუ არ ჩავთვლით.მინუს ექვსი გრადუსი ცელსიუსით.ნეტავ იმ ღამესაც დაელია...ხომ არ გაიყინებოდა?მძულს ბედობა!მძულს ადამიანების დღესასწაულები!შემძულდა ჩემი „ლოთიც“, ასე მარტო რომ დამტოვა და თვითონ მშვიდი სახით, მიწისქვეშა გადასასვლელის ბოლოდან მესამე კიბეზე მიყუდებული გაიყინა.ისე გაიყინა , რომ მოკვდა.თვალდახუჭული მოკვდა.მე მის კალთაში ჩამძინებოდა. სიცივემ გამაღვიძა. შევიშმუშნე. როგორც წესი, ჩემს ყველა შეშმუშნვაზე რეაგირებდა და ცხვირზე ამისვამდა ხოლმე თავისი თათის ყველაზე მსუქან და ყველაზე მოკლე თითს. მაშინ ასე არ მოიქცა. გამიკვირდა და მისი მუხლების ფხოჭვნა დავიწყე უკლანჭებოდ.არ იძვროდა.კლანჭები გამოვაჩინე...არაფერი შეცვლილა.მერე გადაჭრილ ხელთათმანიან თათქვეშ თავი ამოვუდე, ვიფიქრე ახლა მაინც მომეფერება-მეთქი.ამაოდ...ის გაქვავებულიყო და კვლავ არ იძვროდა.ზედმეტად ცივი მეჩვენა და გადავწყვიტე მისი თათები მაინც გამეთბო, ამიტომ ზედ დავაწექი და მთელი ჩემი სიმხურვალე გადავეცი.ისევ უძრაობა...გულზე ავაცოცდი და სახეზე თათი მივკარი.არც მაშინ განძრეულა.ყინულივით ცივი იყო.ლოკვა დავუწყე, თათებს ვუცაცუნებდი, მეგონა ღრმად ეძინა.მაგრამ , სინამდვილეში არ ეძინა.მოკვდა.ეს პირველი არაფიზიკური და მაინც უძლიერესი ტკივილი იყო ჩემთვის. დედასთან ჩამოშორების შემდეგ პირველად ვიგრძენი თავი მარტოდ. მაშინ და-ძმა მაინც მყავდა, ახლა კი სრულიად მარტო დავრჩი.არც დედა.არც და-ძმა.არც მაწანწალა კაცი...მოვკვდებოდი მეგონა!“***დედა ამბობდა რომ ის კაცი ვიღაცებმა წაიყვანეს. იმათ „ადამიანების ექიმები“ ჰქვიათ. ბორბლებიან რაღაცაზე დააწვინეს და დიდ, თეთრ მანქანაში ჩასვეს, იმ ადამიანებს მწვანე ტანსაცმელი ეცვათ. დედას უნდოდა გაყოლოდა, მაგრამ ერთ-ერთმა კაცმა წიხლი ამოსცხო და „ცხრა-მთას იქით“ გაისროლა. იმ კაცის გამო დედა დიდხანს კოჭლობდა.შემდეგ კი დაიწყო მისი ცხოვრების ტანჯული პერიოდი.ამბობდა, რომ ნაგავში ქექვაც კი დაიწყო საჭმლის საპოვნელად.მე ნაგავი არ მიყვარს, საშინლად ყარს...მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ერთი ორჯერ მეც მომიხდა იქ ქექვა. მაშინ პატარა ვიყავი და დედას მოტანილი საჭმელი რომ არ მყოფნიდა, ჩუმად ნაგავში ვიქექებოდი ხოლმე. როცა ეს ამბავი გაიგო, დედა ძალიან გამიბრაზდა. იტირა კიდეც.იმის შემდეგ პირობა მივეცი, რომ შიმშილით სულიც რომ გამძვრეს ნაგავს ახლოსაც არ გავეკარები-მეთქი.სიტყვა შევასრულე.მიყარდა დედა.ძალიან მიყვარდა.დედას კი ოთხივე ერთნაირად ვუყვარდით.ასე ამბობდა: „როგორ შეიძლება რომელიმე მეტად ან ნაკლებად მიყვარდეთ, თქვენ ხომ ჩემი სხეულის განუყოფელი ნაწილები ხართ, განა თათები რომ დამაჭრან ოთხივე ერთნაირად არ მეტკინება?“იმ მაწანწალა კაცის სიკვდილის შემდეგ დედა სულ მარტო დარჩა. თანაც , უკვე კოჭლობდა და საჭმლის პოვნაც ძალიან უძნელდებოდა. ალბათ, ამიტომაც დაიწყო ნაგვის ქექვა...დედა ამბობდა, რომ ადამიანებს ჰგონიათ, თითქოს კატებს ცხრა სიცოცხლე გვაქვსო.„-ეს მართალია?-ვკითხე გაფართოვებული თვალებით. დედას კი ულვაშებში ჩაეცინა და მიპასუხა:-ძირითადად არა, მაგრამ ხანდახან მგონია რომ მართალია.“მაშინ ვერაფერი გავიგე და გაშტერებული მივაჩერდი. ახლა ყველაფერი მესმის, დედა იმდენჯერ გადაურჩა სიკვდილს , თითქმის ირწმუნა კიდეც, რომ მართლა ცხრა სიცოცხლე ჰქონდა.ოჰ, დედა...დედიკო.დედა.ხანდახან ისე მენატრება, მგონია მოვკვდები. მაგრამ მხოლოდ მგონია, როგორც მივხვდი მონატრება არ კლავს, ის მხოლოდ გასევდიანებს...ერთხელ დედა პატარა ბავშვებმა დაიჭირეს და კუდში ჩაავლეს თათი (მათ ენაზე ხელი):„რომ მცოდნოდა, ასეთი უგულო შეიძლება ყოფილიყო ორი პატარა გოგონა, მათი დანახვისთანავე გავიქცეოდი, მაგრამ ისეთი სათნო და კეთილი თვალები ჰქონდათ, ლამაზი თმა... ერთ-ერთი ჩაიცუცქა და დამიძახა, „ფისო, მოდი ფისო...“ ვიფიქრე მოფერება უნდათ-მეთქი, მე კი მოფერებით განებივრებული ნამდვილად არ ვიყავი, ჩემი მაწანწალას სიკვდილის შემდეგ აღარავინ მომფერებია, აღარც ვინმეს ვყვარებივარ, სწორედ ამ გამოუცდელობამ დამღუპა იმ დღეს... მივუცუცქდი იმ ბავშვს და თავი ნაზად ავუსვი პაწაწინა, გამოწვდილ ხელზე, თან დიდი რაოდენობით ენდორფინების გამოყოფა დავიწყე... უცებ მეორე ბავშვი კუდში დამწვდა და პირდაპირ ასფალტზე მახოხიალა... საცოდავად კნავილი და ტირილი დავიწყე, იქვე შორი ახლოს დიდები იყვნენ, ვიფიქრე ჩემს ხმას გაიგონებენ და დამეხმარებიან და ცელქ ბავშვებს დატუქსავენ-მეთქი, მათ კი გოგონას გამოსძახეს:-მანო, ხელი გაუშვი მაგ კატას ბინძურია!გული მომიკვდა. მათ არ ადარდებდათ, რომ მე მტკიოდა... რომ მეც ცოცხალი ვიყავი და მათი ნაშიერი ტკივილს მაყენებდა, მათთვის მთავარი მხოლოდ ის იყო, რომ მათი ბავშვი თავის „სუფთა ხელებს“ დაისვრიდა ჩემთან შეხებით... როგორც წესი, აგრესიული არ ვარ ხოლმე, მაგრამ მაშინ ტკივილმა გონება დამიბინდა და ავფართხალდი, კლანჭები გამოვყავი და გოგონას დაკაწვრას შევეცადე, ისევ იმ ქალმა გამოსძახა, ამჯერად უფრო მკაცრი და გაბრაზებული ტონით:-მანო, გაუშვი ხელი მაგ კატას, არ დაგკაწროს, ინფექცია შეგეყრება და ნემსის გაკეთება მოგიწევს,-მერე ცოტახნით გაჩუმდა და დაამატა,-ნუ მაყვირებ, გაუშვი ხელი!-ვერ დამკაწრავს, ვერ მწვდება...გადაიხარხარა ბავშვმა.„მაგასაც ვნახავთ“-გავიფიქრე მე, და გამწარებული უფრო მონდომებით ავწრიალდი.ერთი წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ ის მეორე ბავშვი მართლა ჩემს მოფერებას აპირებდა, და რომ ყველა არ იყო ბოროტი, მაგრამ ზუსტად ამ დროს, თავადვე დაანგრია ჩემი წარმოდგენა საკუთარ თავზე, როდესაც გოგონას დაუძახა:-მათხოვე, მეც მინდა, მე დავიჭირე...უკვე გადარჩენის იმედს ვკარგავდი, დავნებდი კიდეც და ფართხალიც შევწყვიტე... ბედს მივენდე... მაგრამ ამ ბავშვის საზიზღარი სიტყვები, ალბათ, სწორედ ის იყო , რაც საკუთარ თავში უკანასკნელი ძალების მოკრებაში დამეხმარა, ვიღრიალე და მთელი ძალით ავხტი და ბავშვს ხელი ჩამოვკაწრე.როგორც ჩანს ეტკინა.ხელი გამიშვა და აყვირდა.ასე უბრალოდ წასვლა არ შემეძლო, ახლა მე მსოფლიოში უბოროტესი არსება ვიყავი...გოგონას პირდაპირ სახეში შევახტი და ლოყაში ბოლომდე ჩავარჭე ყველაზე გრძელი კლანჭი და ჩამოვეკიდე...თათი რომ გამეშვა და მიწაზე დავხტი, ბავშვისკენ გავიხედე, სისხლი მთელს ლოყაზე ჩამოსდიოდა და ცრემლებს ერეოდა, ბოლო ხმაზე ბღაოდა.შემეცოდა.საკუთარი საქციელის შემრცხვა.ერთ ადგილას გავიყინე და თავდახრილი საკუთარ საქციელს ვნანობდი...თითქოს, ამ სამყაროს გამოვეთიშე და სადაც მაშინ ვიყავი, მხოლოდ მე და ჩემი ბოროტება დავრჩით , ის სამყარო ამაზე საშინელი იყო...იმ ბნელეთიდან მეორე გოგონას ამორტყმულმა წიხლმა გამომაფხიზლა.-ცუდი ფისო!იყვირა მან და ჩემი დაჭერა სცადა.მეორედ ასეთ გამოუსწორებელ შეცდომას ვეღარ დავუშვებდი, სულმოუთქმელად გავიქეცი...“ეს ამბავი რომ მოყვა დედამ, ვიტირე.შემეცოდა.თავიდან ყოველთვის ვტიროდი, როდესაც დედა თავის ცუდ ისტორიებს ყვებოდა. მერე მივეჩვიე და უბრალოდ მოვიწყენდი ხოლმე. დედა ამბობდა ამ ამბებს იმიტომ არ გიყვებით, რომ იტიროთო, იმიტომ გიყვებით, რომ ისწავლოთო...ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, მაშინ ისიც არ მესმოდა რა უნდა გვესწავლა.ახლა მივხვდი, - ცხოვრება, ადამიანების ცნობა, ყველაფერი!დედა თავისი ისტორიების მოყოლით ჩვენს გაფრთხილებას ცდილობდა, რომ ცხოვრება არაა მარტივი და, რომ სიფრთხილე გვმართებს...როგორ იცოდა ყველაფერი...როგორ არასოდეს შემცდარა...დედა ხშირად ამბობდა რომ ადამიანები შეგვეძულებინა, მაგრამ ძაღლებზე მეტად არა, განსაკუთრებით კი პატრონიან, დიდ ძაღლებზე მეტად არა...ამ ამბის გასამყარებელი არგუმენტი მისი კიდევ ერთი ისტორია იყო:„სხვა კატები ხშირად ამბობდნენ, რომ ძაღლებთან არ უნდა მეურთიერთა, მაგრამ არ დავუჯერე და ერთ მოხუც, „გაპუწულ“ ძაღლს დავუმეგობრდი. ყურზე რაღაც მწვანე ეკეთა, ადამიანების საყურის მსგავსი, ვკითხე რა არის-მეთქი, მან კი მიპასუხა, რომ ცხოველების ექიმებმა გაუკეთეს, ეს იმის ნიშანი იყო, რომ ავად არ იყო და არც საშიში იყო ადამიანებისთვის, ამიტომაც გამოუშვეს ისევ ქუჩაში , სხვა შემთხვევაში მოკლავდნენ, თუმცა ამას „დაძინებას“ დაარქმევდნენ.კარგი ძაღლი იყო, მაგრამ ძლივს დადიოდა, ძირითადად იწვა და ეძინა.ადამიანებს ჰყავთ ღმერთი. რომლიც არავის უნახავს და ეკლესიებში ცხოვრობს, ეკლესიები მათი ღმერთის სახლებს ჰქვია და ასეთი ბევრი აქვთ, მე კი ყოველთვის მიკვირდა ყველგან როგორ ცხოვრობს ერთი არსება-მეთქი... ამის პასუხი ვერ გავარკვიე. ისე, უბრალოდ, სჯერათ რომ ასეა და დამთავრდა...როცა ადამიანებს რაღაცის სჯერათ, უბრალოდ სჯერათ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე...სწორედ, ერთ-ერთი ღმერთის სახლის ეზოში ცხოვრობდა ჩემი მწვანე საყურიანი მეგობარი და მეც ხშირად ვაკითხავდი. იქ ღმერთის გარდა , კეთილი, შავებში ჩაცმული კაცებიც ცხოვრობენ, ეს კაცები აჭმევდნენ ხოლმე ჩემს მეგობარს ხშირად. ისიც არსად მიდიოდა, ამბობდა სახლს ვდარაჯობო...„ძაღლები...“ - გავიფიქრებდი და ჩავიცინებდი ხოლმე ჩემთვის... „რამეს თუ არ უდარაჯეს ცხოვრება არაფრად მიაჩნიათ, არადა, ამან ვის უნდა უდარაჯოს, ან ვინ უნდა შეაშინოს?“რა საკვირველია, მეგობარს გულს არ ვწყვეტდი და ეს მისთვის არასოდეს მითქვამს. ხშირად მინაწილებდა თავის საკვებს. კარგი ვინმე იყო...მაგრამ მოხუცი...ერთხელაც, როდესაც მეგობარს მივაკითხე იქ აღარ დამხვდა.არც მეორე დღეს.ყოველდღე მივდიოდი , იმ იმედით რომ იქ იქნებოდა, მაგრამ შევცდი...ალბათ, მოკვდა...ყველა კვდება...ბოლოს ყოველთვის მარტო ვრჩებით!მერე გადავწყვიტე, მენახა როგორი იყო ღმერთის სახლი და თავშლიანი ქალების ტალღას შევერიე და ისე შევიპარე შიგნით.განსაკუთრებული არაფერი...ჩვეულებრივი იყო, უბრალოდ, ყველგან პატარა ცეცხლები ენთო და სურათები ეკიდა.მერე გავიგე რომ ეს სურათები მათი წმინდანების იყო.კიდევ გავიგე რაღაც...შავებში ჩაცმული კაცები, რომლებიც კეთილები მეგონა, არც ისე კეთილები აღმოჩნდნენ ჩემ მიმართ.კიდევ ერთხელ გავხდი ადამიანების წიხლის მსხვერპლი...ჩემი მეგობარი ძაღლის კეთილშობილებით განებივრებულმა, ჩავთვალე, რომ ყველა ძაღლი ასეთი იყო და კატები მათ შესახებ ცდებოდნენ.სხვა კატები კი არა, მე შევცდი.სკვერში დიდი ფუმფულა, პატრონიანი ძაღლი დავინახე, ვიფიქრე მივალ და გავიცნობ, დავუმეგობრდები-მეთქი. სანამ მასთან მივიდოდი, მისმა პატრონმა სხვა კატა შეამჩნია, ძაღლს დაუყვირა:-ეცი!ისიც უსწრაფესად მოწყდა ადგილიდან და ოდესღაც თეთრ, ახლა კი ქალაქის მტვერით გაშავებულ ფისუნიას გაეკიდა, მან ხეზე აძრომა დააპირა, მაგრამ ვერ მოასწრო, დორბლიანი ძაღლი სწრაფად ახტა და ჰაერში მოხსნა, ძვლებში გადატეხა და მიაგდო.წავიდა...ვიფიქრე შეჭამს-მეთქი, მაგრამ უბრალოდ მიატოვა და წავიდა.ჩუმად მივუახლოვდი იმ საცოდავ კატას. მისი თვალები ჯერ კიდევ ღია იყო და ბჟუტავდა, თათი მივადე და შევეცადე მენუგეშებინა. მან კი თქვა „მიაუ“ და საბოლოოდ ჩააქრო მბჟუტავი თვალები.“ამ ყველაფრის შემდეგ როგორ შემეძლო არ შემძულებოდა ადამიანები?ან ძაღლები?თუნდაც მთლიანად სამყარო, რომელიც ჩემს ირგვლივ იყო და ათას ბოროტებას აფრქვევდა ყველა მხრიდან?ჰოდა, მძულდა კიდეც...მძულდა ყველაფერი!***ჩემი და-ძმა ჩემგან განსხვავებით, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყვნენ ადამიანების მხრიდან, ალბათ მათმა ფაფუკმა კუდებმა, ლამაზმა თვალებმა და, რა საკვირველია ფერმა იქონია ამაზე დიდი გავლენა. მათ რომ ხედავდნენ, ყველას მოფერება და ალერსი უნდოდა. დედამ გვასწავლა, როგორ უნდა მოგვეწონებინა ადამიანებისთვის თავი. რა საკვირველია ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათებით, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ერთნაირები და მოსაწყენები არიან, ემოციებით მაინც არ ჰგვანან ერთმანეთს. ამიტომ, ჩვენ ორი ვარიანტი გვქონდა, ან მობუზული საცოდავად მარტოსული პატარა კნუტის როლი უნდა გვეთამაშა და სადმე ხის ძირას ავბუზულიყავით, ან პირიქით ამაყად გაგვევლო ადამიანის წინ, კუდაწეულს და შეძლებისდაგვარად ფეხზე მოვხახუნებოდით. ადამიანებს ძირითადად ორი გრძნობა მართავთ, პირველი სიბრალულია, (რომლის გამოწვევასაც მარტოსულად აბუზვით ვცდილობდით), მეორე კი ამპარტავნება (ამ დროს ზუსტად ისე დავაბიჯებდით, როგორც თვითონ დააბიჯებენ ხოლმე, როდესაც რაღაც მიზანს აღწევენ, ან უბრალოდ დიდი წარმოდგენა აქვთ თავის თავზე).დედამ ისიც გვასწავლა, როდის, როგორ მოვქცეულიყავით, რომელ გამვლელს როგორ უფრო დავაინტერესებდით. თავიდან ვერ ვხვდებოდი, როგორ ამჩნევდა დედა ადამიანების მთავარ გრძნობას, როგორ ხვდებოდა რომელი მცდელობა აიძულებდა მათ ჩვენს შინ წაყვანას. მაგრამ ახლა, როცა უკვე დიდი დრო გავიდა და ასე თუ ისე მეც წამოვიზარდე, ვისწავლე მათი გარჩევა. ადამიანების ენაზე რომ ვთქვათ , მათ „შუბლზე აწერიათ“ როგორები არიან. ეს ფრაზა პირველად დედამ მითხრა და ისევე როგორც ბევრი სხვა რამ მაშინაც ვერ ჩავწვდი მის შინაარსს. ამიტომ ის პირდაპირი მნიშვნელობით გავიგე და ადამიანებს შუბლზე ცქერა დავუწყე, მეგონა წარწერებს აღმოვაჩენდი, იმედგაცრუებულმა დედასთან მივირბინე და ვკითხე:„-დედა, შენ ხომ თქვი რომ ადამიანებს შუბლზე აწერიათ როგორებიც არიან?-ჰო, ასე ვთქვი,-მითხრა წამოწოლილმა და უკანა თათი გაილოკა.-მე რომ კითხვა არ ვიცი, იმიტომ მეჩვენება რომ მათ ყველას ერთნაირი შუბლი აქვთ?დედას გაეცინა და თავით მომიალერსა.-ჰო, ასეა...-დედა, მასწავლი კითხვას?-დრო გასწავლის საყვარელო, მე -ვერა...“მერე ლოკვა დამიწყო. უყვარდა ხოლმე ჩვენი გასუფთავება, ფიქრობდა რომ ასე უფრო მოვეწონებოდით ადამიანებს და ჩვენი „გაშვილებაც“ დაჩქარდებოდა. თანაც, ამისთვის არცისე დიდი დრო გვქონდა, რამდენიმე თვეში კნუტობიდან კატებად გადავიქცეოდით და ჩვენი წაყვანის მსურველების რიცხვი თითქმის განულდებოდა.დედას საოცრად ხორკლიანი და ცხელი ენა ჰქონდა, არასოდეს დამავიწყდება როგორ მაჟრჟოლებდა ხოლმე მის შეხებაზე და რამდენ ენდორფინს გამოვყოფდი ერთბაშად.სითბო, სიყვარული, სისუფთავე...დედის ხორკლიანი, პატარა ვარდისფერი ენა ყველაფერს ერთად გადმოგვცემდა...ჩემს და-ძმას ნამდვილად სჭირდებოდა გასუფთავება, რომ ადამიანის თვალს მათი ბეწვის ფერი სწორად აღექვა, მაგრამ მე...მე „ჭუჭყის ამტანი“ ვიყავი და , ტალახშიც რომ მეგორავა მაინც არაფერი მეტყობოდა. ეს დედამაც კარგად იცოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემ მიმართ ნაკლები ყურადღება არასოდეს გამოუჩენია .ჩემი და-ძმა თავს არ ზოგავდა ადამიანებისთვის თავი რომ მოეწონებინათ, ისინიც ხშირად ეფერებოდნენ, ზოგი ფუნთუშასაც კი უციცქნიდა და აჭმევდა. მეც ბევრჯერ ვცადე ადამიანების ყურადღების მიქცევა, მაგრამ სანაცვლოდ მოფერებისა, ძირითადად ამბობდნენ „ფუუუუუ“.ერთხელ, მანქანის სიგნალმა შემაშინა და სწრაფად გავიქეცი, როგორც ჩანს სიბნელეში ვიღაც კაცი მოდიოდა და ჩემი მოულოდნელი წინ ჩარბენით შევაშინე. მან შეიგინა. (გინებაც ადამიანების გამოგონილი უზრდელური სიტყვების კორიანტელია, ძირითადად დედას იგინებიან ხოლმე, გამიგონია, ზოგი თავის დედასაც აგინებს. საშინელი ადამიანები. დედა ყველას უყვარს, იმ მახინჯ ძაღლებსაც კი, ჩვენი შეჭმის სურვილისგან ყბებში დორბლი რომ უგროვდებათ, ადამიანებთან კი - როგორც ჩანს, სხვანაირადაა ყველაფერი). მერე კი თავის სასქესო ორგანოს ჩაებღაუჭა თავისივე ხელით და გზა განაგრძო.მაშინ ასეთი რამ პირველად ვნახე და დედას ვკითხე რატომ მოიქცა ასე ის კაცი-მეთქი. მან კი გამიღიმა და მითხრა, ბნელოდა და ალბათ შეაშინეო.მეც დავიჯერე.სულელი კნუტი ვიყავი, დედასი ყოველთვის მჯეროდა, ის არასდროს მატყუებდა, უბრალოდ სიმართლეს ყოველთვის არ მეუბნებოდა და ამას მხოლოდ ჩემს სასიკეთოდ აკეთებდა, ამის გამო დედა არასოდეს გამიკიცხავს და ალბათ, ვერც ვერასდროს შევძლებდი მის დადანაშაულებას რამეში. მან ხომ ყველაფერი გააკეთა ჩვენთვის?ნეტავ, ადამიანებისის დედებიც ასეთები არიან?თუ ასეთები არიან რატომ აგინებენ ადამიანები თავიანთ დედებს?გინება ხომ ცუდია?რას გაუგებ ადამიანებს, უკვე ოთხი წლის ვარ და მათ არსებას ბოლომდე ჯერაც ვერ ჩავწვდი, მხოლოდ სანახევროდ.დედამ მითხრა, ალბათ სიბნელე რომ იყო შეაშინე ის კაცი და იმიტომ შეგაგინაო. მაგრამ მსგავსი რამ დღისითაც არაერთხელ მოხდა:„- ფუუუუუუუ, შენი თარსი დედაც....ფეხებსშუა მჭიდროდ მოჭერილი ხელი.გინება.“„ფუუუ“ უკვე კარგად ნაცნობი იყო ჩემთვის, მაგრამ ეს „თარსი“ რაღაა?დედას ვკითხე და მითხრა არ ვიციო...მაშინ მივხვდი პირველად რას ნიშნავს „სახეზე წარწერა“. დედას სახეზე იყო წარწერა. ზუსტად ვერ ამოვიკითხე, მაგრამ მივხვდი რომ მომატყუა.სწორედაც! ალბათ მაშინ დედას სახეზე ეწერა „ტყუილი“!ამ სიტყვის მნიშვნელობა რომ არ ვიცოდი და ასე ხშირად მომიხსენიებდნენ, ეს ფაქტი სულს მიშფოთებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა დედასთვის არასოდეს აღარ მიკითხავს. მოგვიანებით ისევ ჩემით მივხვდი, როგორც ბევრ სხვა რამეს. ეს სიტყვა ადამიანების ილუზია უფროა, ვიდრე რაიმე რეალური. აი, დაახლოებით ღმერთს ჰგავს. მათ ხომ ჰგონიათ, რომ ღმერთი ეკლესიაში ცხოვრობს და თან ყოვლის შემძლეა და ყველაფერს ხედავს, ესმის, გრძნობს... „თარსიც“ სჯერათ რომ მათ მომავალს „თარსავს“... ანუ, მე, შავი ფისუნია თუ ადამიანს წინ გადავურბენ, მათ ჰგონიათ, რომ რაღაც ცუდი მოხდება, ეს ცუდი რომ თავიდან აიცილონ ამიტომაც იკიდებენ ხოლმე ხელს „იქ“...ეს მაშინ გავიგე ჩემს ადამიან პატრონს რომ ესტუმრა ვიღაც კაცი.„-ლინდა, ეს თარსი კატა რატომ გყავს სახლში, მოაშორე!-ნუ ხარ ცრუმორწმუნე, ვერ ხედავ რა საყვარელია?“ცრუმორწმუნე...კიდევ ახალი სიტყვა გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში და მე მისი გამოძიებაც დავიწყე. ბოლოს მივხვდი, რომ ასე ეძახიან ჭკვიანი ადამიანები სულელ ადამიანებს, მათ, ვისაც სჯერა, რომ მე, შავი ფისო ჩემს გზაზე მიმავალი თუ შემთხვევით მის გზას გადავკვეთ - ვთარსავ...სასაცილოა!ჩემს პატრონს სამწუხაროდ, უყვარდა ის კაცი.***ალბათ, დედის მონდომების დამსახურებაც იყო რომ ჩემი და-ძმა მალევე წაიყვანეს ადამიანებმა. მე კი ყველაზე მეტი დრო გავატარე დედასთან. ყველაზე მეტი რამ სწორედ მე მასწავლა დედამ.ერთხელ, როცა მარტო ვიყავი და დედა საჭმლის მოსატანად იყო წასული ვიღაც გოგო მოვიდა და მომეფერა. ძალიან შავი თმა ჰქონდა. სულ შავები ეცვა და სახეც შავი რაღაცით ჰქონდა მოხატული. ძალიან გამიხარდა, ვიფიქრე, უყვარს “ შავები“-მეთქი და ენდორფინები გამოვყავი. მან ამიყვანა, ქურთუკის უბეში ჩამისვა და წავედით...სადღაც ჩაბნელებულ გზაზე გადაუხვია და მორყეული ჭიშკარი შეაღო. იქ ბევრი ქვა იყო და ამ ქვებზე ადამიანები ეხატა.ღრმად რომ შევედით, ცეცხლს მოვკარი თვალი.მივუახლოვდით.იქ ამ გოგონასნაირი „შავი ბავშვები“ იყვნენ.ბევრნი.„-გამარჯობა მახინჯებო.-თქვა ჩემმა გოგომ.-გაგიმარჯოს მახინჯო,-უპასუხეს დანარჩენებმა და ბოთლიდან რაღაც ადამიანური სასმლის სმა განაგრძეს.“ყოველთვის მიკვირდა ამას როგორ სვამდნენ, საშინლად ყარდა. მერე ერთერთმა მათგანმა ერთ ადამიანის გამოსახულებიან ქვას ჩამოჰკრა ბოთლი და თავსახური წააძრო. ჩემს გოგოს გამოუწოდა.უკვე შემეშინდა და დავიკნავლე.„-ოუუ, ეს რა ხმა მესმის...-გაიღიმა იმან ჩემს გოგოს რომ მიაწოდა ბოთლი.-პატარა საჩუქარი მოგიყვანეთ...-ამას უკვე მივხვდით,-საუბარში ჩაერთო ვიღაც.-არ გვაჩვენებ?-ჯერ დავლიოთ!-უთხრა და ბოთლი ბოთლზე მიურტყა.“მერე სხვას გაუწოდა ჩემი თავი, ბიჭი იყო და თავზე მაისურზე მიბმული ქუდები რომაა ეგ ეხურა. მან ამიყვანა, კალთაში ჩამისვა და მომეფერა.ამ ბავშვების უმრავლესობას ბევრი ყელსაბამი და სამაჯური ეკეთა.„-აბაა,-წამოიწყო ქუდიანმა,- მზად ხართ მსხვერპლშეწირვისთვის?-დიახ, ქურუმო!-დაიყვირა ყველამ.“ამდენი უცხო ადამიანური სიტყვა უკვე მეტისმეტი იყო. ვერაფერი გავიგე, მაგრამ შემეშინდა. თავი უსუსურად და დაუცველად ვიგრძენი. დედის ხმაც კი ჩამესმოდა ყურებში...„მიუ“„მიუ“„მიუ“„მიუ“„ნეტავ მართლა აქ იყო დედა...“ გავიფიქრე და ალბათ, ხმამაღლა გამომივიდა წამოვიკნავლე: „მივვ“...უცებ, ქუდიანმა ჯიბიდან დანა ამოიღო, თათი გამიჭრა და ცეცხლში შემაგდო.თან რაღაცას იძახდა.შემდეგ მის ნათქვამს ყველა იმეორებდა.ტკივილი.ტკივილი.ტკივილი.* * *მეგონა, მოვკვდი...თვალები რომ გავახილე დედა დავინახე. დედას ბეწვი დასწვოდა. მეც დამწვოდა. არაფერი მახსოვდა, მაგრამ მივხვდი რომ დედას ხმა არ მომლანდებია და ის მართლა მეძებდა. ჩემი უნებლიე პასუხით კი მიპოვა და ჩემს გადასარჩენად ცეცხლში შემოხტა. შევამჩნიე, რომ თვალიც დაზიანებული ჰქონდა.ოჰ, ეს დედები...-როგორ მიპოვე?-ვკითხე გაოცებულმა.-დედა შვილს ყოველთვის იპოვის!-როგორ მიხვდი, რომ ცუდმა ადამანებმა წამიყვანეს?-დედობრივი ინსტინქტით!-ეგ რა არის?-ამას მნიშვნელობა არ აქვს, რატომ გაჰყევი ასეთ ხალხს?!-მიყვირა.-მეგონა შემიყვარებდნენ...-მაგათ არ შეუძლიათ სიყვარული!-არც შეცოდება?-ხომ ნახე, რომ არა...-მე მეგონა...-არ აქვს მნიშვნელობა, რა გეგონა. ფრთხილად იყავი! ცოტა რომ დამეგვიანებინა...-მომკლავდნენ...-ვთქვი და ტირილი დავიწყე. დედას არ შეეძლო მკაცრი ყოფილიყო მაშინ, როცა მე ვტიროდი, ამიტომ ლოკვა დამიწყო. მე კი მისი ხორკლიანი ენის შეხება დამწვარ ბეწვსა და კანზე ტკივილის მაგივრად შვებას მგვრიდა. ალბათ ნებისმიერი სხვა რამ რომ შემხებოდა ტკივილისგან მოვკვდებოდი, მაგრამ დედა სხვა იყო...დრო რომ გავიდა კოჭლობა შევწყვიტე. გაჭრილი თათი ძველებურად აღარ მტკიოდა და ბეწვიც ახალი ამომივიდა. ამ თემაზე ლაპარაკს დიდხანს ვერ ვბედავდი, მეშინოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც წამოვიწყე:-ხომ შეიძლება, ჩემი და-ძმაც მათნაირებს რომ წაეყვანათ?-არ შეიძლება,- მითხრა დედამ აუღელვებლად.-შენ რა იცი, არასოდეს ყოფილხარ მათი წაყვანისას ჩვენთან...-თქვენთან რომ ვყოფილიყავი ჩემი შიშით არ წაიყვანდნენ...-აბა საიდან იცი რომ კარგებმა წაიყვანეს, ცუდებს რომ წაეყვანათ?-მაშინ მათაც ვიპოვიდი და დავაბრუნებდი შენსავით...-მათი პოვნა შეგიძლია?-დედას ყოველთვის შეუძლია შვილის პოვნა!-მითხრა მოსიყვარულე ხმით,- ნუთუ გგონია, რომ არ ვიცი შენი და-ძმის სამყოფელი? მე ყოველდღე ვაკითხავ მათ ახალ სახლებს და ვაკვირდები შორიდან, როგორც კი შევამჩნევ რომ რამე უჭირთ მაშინვე დავიხსნი...დედა უფრო მეტად შემიყვარდა...თურმე, ჩვენი მიტოვება არასოდეს განუზრახავს, პირიქით - მას სურდა რომ კარგ პატრონებთან გვეცხოვრა, სახლი გვქონოდა, საჭმელი... თანაც, თურმე აკვირდებოდა ვის როგორი პატრონი ხვდა წილად...დედები...ნეტავ ადამიანების დედებიც ასეთი კარგები არიან?თუ ასეა, რატომ აგინებენ თავიანთ დედებს? ***დედას ჩემი დახსნის დროს თვალი ისე ძლიერ დაუზიანდა რომ ვეღარასოდეს შეძლო იმ თვალით სამყაროს დანახვა. მთელი ცხოვრება თავს ვიდანაშაულებდი რომ მას ასეთი ტკივილი ჩემი სულელური , დაუფიქრებელი ქმედების გამო მიადგა. ვინ იცის რამდენჯერ მინატრია შემძლებოდა დროის უკან დაბრუნება და ყველაფრის შეცვლა? მაგრამ ასეთი რაღაცები არ ხდება ხოლმე, როდესაც რაღაცას დააშავებ , მთელი ცხოვრება ჩემი თათის ლაქასავით გაგყვება... ჩემი უდიდესი დანაშაული რაც იყო - ვიცოდი, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა დედიკოს რა მიაჩნდა თავისი ცხოვრების დანაშაულად, როდესაც ეს შეკითხვა დავუსვი მოკლედ მიპასუხა:„-კაცები!“ისევ გავაფართოვე თვალები და ისევ ვერაფერს მივხვდი. დედას გაეღიმა და დედამისის ისტორიის მოყოლა დაიწყო:„დედაჩემი ჩვენგან განსხვავებით კეთილ ოჯახში დაიბადა და კნუტობიდანვე გარეთ ხეტიალი არ დასჭირვებია. უფრო მეტიც, მახსოვს დედაჩემი მიყვებოდა, რომ იმ ადამიანებმა ქუჩაში სანაგვეზე მეძუძური ორი კნუტი იპოვეს და დედამისს მიუსვეს. ორის ნაცვლად ოთხნი გახდნენ, დედამისმა ყველა ერთნაირად შეიყვარა, მაგრამ ერთი , ვეფხვისებრი ვერ გადარჩა, ზედმეტად სუსტი აღმოჩნდა და მალევე მოკვდა. დედაჩემი ამბობდა, არასოდეს დამავიწყდება როგორ განიცადა დედამ იმ ნაშვილები კნუტის სიკვდილიო, მკვდარსაც ისე დაათრევდა პირით, როგორც ჩვენ, ცოცხლებსო... როდესაც ციცქნა არსებამ საბოლოოდ შეწყვიტა ფეთქვა, დედამ თათი მიჰკრა და შეეცადა გაეღვიძებინაო... დიდი ხანი ცდილობდა მაგრამ ვერ შეძლოო... საბოლოოდ, კეთილმა ადამიანებმა მკვდარი კნუტი სასოწარკვეთილ დედას განარიდეს და , ალბათ, დაასაფლავესო...დედამისის ადამიანმა პატრონებმა დედას და დანარჩენებს ასწავლეს სიარული , ჭამა, ტუალეტის არსებობა სახლში და პატრონებიც კი მოუძებნეს.ბებიაჩემის პატრონისაგან განსხვავებით მისი პატრონი ბოროტი აღმოჩნდა და ჩვენ სახლიდან გაგვყარა.როდესაც ჩემი მაწანწალა თავის ღმერთთან წავიდა, მე დედის ძებნა დავიწყე და ვიპოვე კიდეც.ვიპოვე ჩვენი პირველი სახლი და მის ფანჯრის რაფაზე წამოწოლილი დედაჩემიც. მაშინვე გავიქეცი და ფანჯრის წინ დედას ძახილი დავუწყე, ის ზანტად წამოდგა, ფაფუკი თათი გაილოკა და შემომხედა, მერე ზურგი მაქცია და წავიდა. ძალიან დამწყდა გული, ვიფიქრე, რომ დედას დავავიწყდი და ბოლო ხმაზე ავღრიალდი მისი ფანჯრის წინ.სულაც არ დავვიწყებივარ...დედებს შვილები არ ავიწყდებათ!თურმე, როდესაც ზურგი მაქცია და ფანჯარას გაეცალა კარისაკენ წამოსულა და ჩემს შესახვედრად ეზოში გამობანცალდა. ისეთი მსუქანი იყო, მივხვდი ისევ კნუტებს ელოდებოდა.ენდორფინები შემომაწვა, მივირბინე მასთან და მივუალერსე, ისიც მომეფერა.-მაგ გაბუშტულ მუცელში ჩემი და-ძმა ზის?-ჰო...-მერე არ გეშინია , რომ მათაც ჩვენი ბედი უწერიათ?-ვკითხე შეშფოთებულმა,- იცი, რა ამბები გადაგვხდა?-არა, არ ვიცი...-გინდა მოგიყვე?-ამდენი დრო არ მაქვს, მალე დამიძახებენ...-დედა...-ვიცი, ფიქრობ რომ უგულო ვარ და საერთოდ არ მადარდებს ჩემი კნუტების ბედი, მაგრამ ეს ასე არაა, უბრალოდ ყველაფერი კაცების ბრალია... კაცების და ამ დაწყევლილი მარტის...-რას გულისხმობ?-იმას, რომ კაცებს მოერიდე და არ დაიჯერო რომ მათ უყვარხარ, მხოლოდ მარტში ახსენდები და მერე უკვალოდ ქრებიან, კნუტები შენს მუცელში ჩნდებიან და შენს ძუძუს წოვენ, შენ უნდა ასწავლო ცხოვრება და საბოლოოდ, შენთანაც ვერ დარჩებიან.-მითხრა დედამ სევდიანი თვალებით და მივხვდი რომ უფრო შემიყვარდა,- ამ შეცდომას გამოვასწორებ, ჩემს კნუტებს გადავმალავ ადამიანებისაგან და ყველაფერს მივცემ რაც თქვენ ვერ მოგეცით. ბევრი არაფერი გამეგება, არ ვიცი რა ბედი ეწევათ ხოლმე გარეთ აღმოჩენილ კნუტებს, მე ხომ არასოდეს მიცხოვრია ქუჩაში, მაგრამ შევეცდები რაც ვიცი ვასწავლო და დავიცვა იმ ბედისგან რისგანაც თქვენ ვერ დაგიცავით...-დედიკო...-ავტირდი და დედას მივუალერსე...-არ იტირო პატარავ, უკვე კნუტი აღარ ხარ!-მითხრა და თავისი ხორკლიანი ენით სწრაფი ლოკვა დამიწყო.იქ ვერ დავრჩებოდი, ამიტომ ხეტიალი გავაგრძელე, დედას კი ზოგჯერ შევუვლიდი და ვინახულებდი ხოლმე. თავის ცხოვრებაზე მიყვებოდა, როგორც მე ჩემსაზე გიყვებით, მაგრამ ჩემგან განსხვავებით მისი ცხოვრება მდიდრული და უპრობლემო იყო... მისი სადარდებელი მხოლოდ ის იყო, რომ „დღეს ადამიანებმა უგემური კატის საჭმელი უყიდეს“, „რა ცუდია რომ წვიმს“, ან „ყელსახვევის „ზინზილაკი“ მაღიზიანებს“ და მსგავსნი. მიუხედავად იმისა, რომ დედამ ჩვენი დაცვა ვერ შეძლო, მაინც მიყვარდა და მის სანახავად სიარულსაც მოვუხშირე... მაგრამ მხოლოდ იმ დრომდე, სანამ არ აღმოვაჩინე რომ მუცლის კნუტებსაც იგივე ბედი ხვდათ წილად რაც ჩვენ.ამის შემდეგ დედაჩემი შევიძულე და აღარასდროს მინახავს...“ჩემთვის წარმოუდგენელი რამაა დედა ცუდი იყოს. მხოლოდ ნაკლებად კარგი დედები არსებობდნენ შეიძლება, მაგრამ ცუდები - არა. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემს არ გაუმართლა, დედამისისაგან განსხვავებით საუკეთესო დედა იყო და ყოველთვის გვიცავდა. მან ხომ შუა ცეცხლიდანაც კი მიხსნა როცა დამჭირდა. დედაჩემი ქუჩის ცხოვრებამ გახადა ძლიერი, ქუჩაში ისწავლა ადამიანების ცნობა, საკვების მოპოვება, ყველაფერი.მოგვიანებით ცოდნა კნუტებსაც გაგვიზიარა, ის ძლიერი კატა იყო ბებიაჩემისგან განსხვავებით, რომელმაც მალევე ჩაიქნია ხელი და ბედს მიენდო. დანებდა. ასე კი სუსტები იქცევიან. მიუხედავად იმისა, რომ დედა ამბობდა დედაჩემი შევიძულეო ამის არასოდეს მჯეროდა, დედის სიძულვილი შეუძლებელი მგონია. ის , ჩემი აზრით, მხოლოდ გაბრაზებული იყო მასზე და სისუსტეს ვერ პატიობდა, ბრაზს კი სიძულვილი უწოდა... ამას მაშინ მივხვდი , როდესაც დედამისის შესახებ ყვებოდა. თვალებში სევდასთან ერთად ყოველთვის ეშმაკუნები უთამაშებდა ხოლმე ... თანაც , „კაცებთან სიფრთხილის გამოჩენა“ რომ გვმართებს, პირველად ხომ დედამისმა ურჩია? მანაც თავში ჩაიდო და ჩვენც შთაგვაგონა, თუმცა მხოლოდ თეორიულად, რადგან თავად სიფრთხილე რომ გამოეჩინა, ჩვენთან ერთად ქუჩაშიც არ ამოჰყოფდა თავს და ალბათ, ახლაც ცოცხალი იქნებოდა...დედის სიკვდილი ყველაზე დიდი ტრაგედიაა.განსაკუთრებით, მაშინ როდესაც შენს თათებში მოქცეული გადმოაფურთხებს უსიცოცხლო სხეულში მირჩენილ უკანასკნელ ენდორფინს...***ადამიანებს უყვართ წვიმა.ამბობენ, რომ წვიმა რომანტიკულია. (რომანტიკა რაღაც ადამიანური გრძნობაა, ზუსტი ახსნა არ ვიცი). წვიმა უყვართ, მაგრამ დასველება არა, ამიტომ წვიმაში ან სწრაფად დადიან ან დამცავ საშუალებებს იყენებენ, ზოგიერთი გადახურულ ადგილს ეხიზნება და წვიმის გადაღებას უცდის...ჩვენ, კატებს, წვიმა არ გვიყვარს. არც დასველება....და არც რომანტიკულად გვეჩვენება, თუმცა, ქუჩის კატებისთვის ყოველი დღე იმდენი სახიფათო მომენტითაა სავსე, რომ წვიმის სიძულვილზე ფიქრის დრო არ რჩებათ და უბრალოდ ეგუებიან. საერთოდ, აღმოვაჩინე, რომ ყველაფერთან შეგუება შესაძლებელია... მათ შორის დედის სიკვდილთანაც. ამას ვერასოდეს ვიფიქრებდი, თავად რომ არ გამომეცადა.წვიმდა.(ყველაფერი საშინელი ხომ სწორედ წვიმის დროს ხდება, მაგრამ ადამიანებს ის მაინც უყვართ).მე და დედა გავრბოდით, გვინდოდა თავშესაფარი სწრაფად გვეპოვა და სისველე , რომელიც ყველაზე მეტად გვძულს თავიდან აგვეცილებინა.ადამიანები, ჩვენგან განსხვავებით, ზარმაცები არიან, მათ საკუთარ თათებზე სიარული არ უყვართ. ჩვენ შეგვიძლია მთელი ქალაქი შემოვიხტუნოთ საკუთარი თათებით, ისინი კი ამისთვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ და მათ „მანქანებს“ უწოდებენ. ქუჩის ცხოველებს მანქანები არ გვიყვარს, გვეშინია... ვიცით რამდენი ჩვენი თანამოძმე შეიწირეს მანქანებმა. დედა ამბობდა, მანქანებს ადამიანები მართავენო.ყოველთვის მიკვირდა...დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ დედა არ ცდებოდა.....და ყველა წვეთი სისხლი ჩვენი მსგავსებისა მანქანების კი არა, ადამიანების ბრალი იყო, მათ შორის დედასიც, რომელიც იმ წვიმიან ღამეს პირდაპირ ჩემს თვალწინ დააწებეს ასფალტზე. ასეთი ბრტყელი დედა არასოდეს მენახა. მისი ბეწვის თეთრი ნაწილიც გაშავებულიყო, და წითელი წყალი ნელ-ნელა მის ირგვლივ დაგუბდა. აღარც კი ფეთქავდა... არ ეძინა, თვალები ღია ჰქონდა და მე მიყურებდა. სევდიანი, წყლიანი თვალებით , სიკვდილის შემდეგაც მე მომჩერებოდა.ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა , როდესაც გონს მოვედი დედა უკვე ასეთი იყო. გონებაში ბუნდოვნად ამომიტივტივდა, რომ გზაზე გადასვლისას ჩემმა ჭრელმა დედიკომ დამიძახა „მიუუ“ და ჩემს წინ გადახტა. ასე რომ არ მოქცეულიყო მანქანა მე გამაბრტყელებდა მის ნაცვლად. დედამ თავი ჩემს გადასარჩენად კიდევ ერთხელ გაწირა, და ალბათ, მეცხრედ...დედის ფეთქვაშეწყვეტილ, უცნაურად შეცვლილ სხეულს თათებით ვუცაცუნებდი, მაგრამ ის არ ინძრეოდა.მივხვდი, რომ მოკვდა.ახლა ისეთივე მარტოსული ვიყავი, როგორც დედა მაშინ, როდესაც თავისი გაბურძგნული კაცი ვიღაცებმა წაიყვანეს.ავტირდი.დედა იქ დავტოვე და გავიქეცი.ბოლო ხმაზე ვკნაოდი, ახლა სულერთი იყო ყველაფერი. აღარც მაწანწალა ძაღლების მეშინოდა და აღარც ადამიანების, აღარაფრის გარდა იმისა, რომ დედა აღარასოდეს დაბრუნდებოდა.რომელიღაც შენობის კუთხეში ავიბუზე და ავწკავწკავდი განწირული ხმით:„მიავვვ...მიააააავვვვ....მიააააააააააააავვვვვვვვ....“სწორედ მაშინ მიპოვნა ლინდამ.როგორც იქნა, ვისწავლე რომ ადამიანები ცუდები იყვნენ და მათ დანახვაზე ყოველთვის გავრბოდი, მაგრამ მაშინ ყველაფერი სულერთი იყო.ისე წვიმდა, რომ ყველას ქოლგა ეკავა (ქოლგა წვიმისგან იცავს ადამიანებს) ან პარკის ტანსაცმელი ეცვათ, მაგრამ ლინდას არც ერთი ჰქონდა და არც მეორე, სულ სველი იყო. ჩემსაცით. დამინახა თუ არა, გაჩერდა, ჩემს წინ ჩაიმუხლა და მომესალმა ადამიანების ენაზე:„-გამარჯობა პატარავ...-მეაავ.-აქ ასე მარტო, ასეთი პატარა და სველი რატომ ხარ?-მიუვ...-სადაა დედაშენი?-მიააააავ...-არ გყავს დედა?-მკითხა და თავზე ხელი გადამისვა, ეს იყო ადამიანის პირველი მოფერება, მეგონა გავდნებოდი, უსწრაფესად დავიწყე ენდორფინების გამოყოფა და წამით თითქოს დედაჩემიც დამავიწყდა,- არაუშავს პატარავ, მეც არავინ მყავს...-მიუ?-პატარა თარსი ფისო ხარ არა?-მკითხა და გამიღიმა, მე კი ამ სიტყვამ ცოტათი შემაშინა, როგორც წესი, როდესაც თარსს მეძახდნენ - მაგინებდნენ ხოლმე, ამიტომ შიშით უკან დავიხიე და სიბნელეში შეჩურთულმა თვალის გუგები გავაფართოვე,-ნუ გეშინია, არაუშავს, ადამიანებს ჰგონიათ, რომ მეც თარსი ვარ...“მან ხელში ამიყვანა, თავისი თხელი ქურთუკის უბეში მომიმწყვდია და სახლში წავიდა.ლინდა ჩემი პატრონი გახდა და მიუ დამარქვა (მითხრა იმიტომ, რომ როდესაც გიპოვე მხოლოდ „მიუს“ გაიძახოდიო). იმ დღის შემდეგ სულ ერთად ვიყავით, საჭმლის ძიება არასოდეს დამჭირვებია, სითბოც ყოველთვის მქონდა და მოფერებაც, ლინდას არც სიყვარული დაუშურებია ჩემთვის. მეც შევიყვარე. ყველაზე მეტად დაბანა მძულდა, ამ დროს ყოველთვის ვჩხუბობდით, დედამ სულ სხვანაირად იცოდა დაბანა, ლინდა კი მთლიანად მასველებდა, მიუჩვეველი ვიყავი და დღემდე ვერ შევეგუე...აღმოჩნდა, რომ ჩემი პატრონიც ჩემსავით მარტოსული იყო, დედაც არ ჰყავდა და თანაც ისიც ჩემსავით - თარსი. თავიდან ვერ ვხვდებოდი რატომ უწოდებდა თავის თავს თარსს, მაგრამ მერე თვითონ მომიყვა:„-მიუ, იცი, პატარა რომ ვიყავი, ჩემი თმის ფერი მძულდა,- კალთაში ჩავუსკუპდი და „ავგრუხუნდი“. მიყვარდა როდესაც ჩემთან დიალოგს ცდილობდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ენა ვერაფრით ისწავლა, მაინც ყველაფერს მიყვებოდა, ყოველთვის მელაპარაკებოდა.- ალბათ, შენც არა?ბრრრრრრრრრრრ...გრრრრრრრრ...ღრრრრ...-შენ თარს კატას იმიტომ გიწოდებენ , რომ შავი ხარ, მე კი იმიტომ რომ - წითური. არ გეჩვენება რომ ერთმანეთს ძალიან ვგავართ?ცოტა ხნით გაჩუმდა.-იცი, როდესაც წამოვიზარდე თმის შეღებვაც კი დავიწყე რომ დამეფარა ჩემი ნამდვილი სახე...ისევ გაჩუმდა.-მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი თმები მომწონდა და სულ ერთი იყო სხვები რას ფიქრობდნენ...-ფისო, როგორ ფიქრობ, ცუდად მოვიქეცი?-იცი, როდესაც სულელი ადამიანები მხედავდნენ, ხშირად ჩუმად შარვალში იყოფდნენ ხელებს... თავიდან ამის დანახვა ჩემთვის მეტად მტკივნეული იყო, მაგრამ მივეჩვიე... ალბათ, შენც გქონია მსგავსი ადამიანების ხილვის „ბედნიერება“ არა?“ეს რომ მითხრა, ყველაზე მეტად სწორედ მაშინ მომინდა მასთან ლაპარაკი შემძლებოდა, მაგრამ ესეც შეუძლებელი იყო. ლინდა სხვა ადამიანებს არ ჰგავდა, მაგრამ მათსავით უნიჭო იყო და ჩვენი ენის სწავლა მაინც ვერ შეძლო.ჩვენ ერთნაირები ვიყავით, ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ ბეწვის ფერი იყო!

Comments

Post a Comment

Popular posts from this blog

დაცემული ანგელოზი

გახუმებული ფიქრების ზედაპირზე